ბენიამინ ნეთანიაჰუ - გერმანია, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელის სამართლიან ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ახალისებს ტერორიზმს, აწესებს იარაღის ემბარგოს ისრაელის მიმართ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გერმანია „ჰამასის“ ტერორიზმს ახალისებს.
ნეთანიაჰუს შეფასებით, ბერლინის გადაწყვეტილება, ნაწილობრივ შეაჩეროს შეიარაღების ექსპორტი ქვეყანაში, ფაქტობრივად, „ჰამასის“ წახალისებას ნიშნავს.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, კანცლერ ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრისას მან ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა გერმანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელის სამართლიან ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელმაც ყველაზე საშინელი თავდასხმა მოაწყო ებრაელ ხალხზე ჰოლოკოსტის დროიდან მოყოლებული, გერმანია ახალისებს ტერორიზმს, აწესებს იარაღის ემბარგოს ისრაელის მიმართ“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელი არ მიისწრაფვის ღაზის სექტორის ოკუპაციისკენ, მთავარი მიზანია რეგიონის გათავისუფლება „ჰამასის“ მმართველობისგან და მშვიდობიანი სამოქალაქო მმართველობის ფორმირებისთვის პირობების შექმნა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ღაზის სექტორში. მისივე თქმით, „ამ გარემოებებში გერმანიის მთავრობა არ გასცემს ავტორიზაციას სამხედრო აღჭურვილობის რაიმე ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღაზის სექტორში“.