ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას აჩერებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებას აჩერებს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა.
მისი გადაწყვეტილებით, კინოთეატრების, თეატრალური დარბაზებისა და სხვა კულტურული ობიექტების გახსნა დროებით გადაიდო.
ისრაელის მედიის ცნობით, ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა სადაზვერვო ტექნოლოგიების კორონავირუსით ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტების გამოსავლენად გამოყენების გადაწყვეტილებაც, რადგან მთავრობას ამის გაკეთება უზენაესმა სასამართლომ აუკრძალა.
ბოლო პერიოდში ისრაელში დღეში ახალი ინფიცირებულების რიცხვი 100-ს აჭარბებდა, რის გამო ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება შეაჩერა.
ახალი შემთხვევების ზრდას ხელისუფლება სკოლებს უკავშირებს, სადაც სასწავლო პროცესი მაისში აღდგა.
ამჟამად კორონავირუსი ისრაელში სულ 17 863 ადამიანს აქვს დადასტურებული. 298 პაციენტი გარდაიცვალა.