ბენ ჰოჯესი - სტრატეგიულ დონეზე ირანის წინააღმდეგ ომის საბოლოო მიზანი კვლავ გაურკვეველია
სტრატეგიულ დონეზე ირანის წინააღმდეგ ომის საბოლოო მიზანი კვლავ გაურკვეველია, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„სტრატეგიულ დონეზე საბოლოო მიზანი კვლავ გაურკვეველია. რა არის ომის მიზანი? რა არის საბოლოო შედეგი? სხვადასხვა ახსნა მოვისმინეთ – ბირთვული პროგრამის შეჩერება, პროტესტის მხარდაჭერა, ჰორმუზის სრუტის გახსნა, თუმცა ტაქტიკურმა ქმედებებმა ამ სტრატეგიული მიზნების მიღწევა ვერ უზრუნველყო. დღემდე უცნობია, სად არის გამდიდრებული ურანის მარაგი — დაახლოებით 500 კილოგრამი. ასევე, ირანს ჰქონდა, სულ მცირე, 5 000 საზღვაო ნაღმი, რომლებიც შესაძლოა, ჰორმუზის სრუტეში განეთავსებინა. რამდენიმე ნაღმიც კი საკმარისია, რომ სრუტე მაღალი რისკის ზონად გადაიქცეს და სადაზღვევო კომპანიებმა გემების დაზღვევაზე უარი თქვან. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ორი სხვადასხვა ომი მიმდინარეობს: აშშ და ისრაელი მოქმედებენ ტრადიციული სამხედრო შესაძლებლობებით, ხოლო ირანს არ სჭირდება მათი დამარცხება. ის უნდა გადარჩეს, უნდა აკონტროლოს მოსახლეობა ქვეყნის შიგნით და მოახდინოს დემონსტრირება, რომ ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხება შეუძლია. ანუ, აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები პირდაპირ არ ანეიტრალებს ირანის სტრატეგიას“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ჰოჯესის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორად ვერ გათვალა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგები, რაც, მისივე თქმით, თეთრ სახლში სტრატეგიული აზროვნების პრობლემებზე მიუთითებს.
„ჩემი აზრით, ეს 100%-ით პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრობლემაა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში ყველამ, ვინც რეგიონზეა პასუხისმგებელი, კარგად იცოდა ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობა და თავდასხმაზე ირანის სავარაუდო რეაქციაც. თეთრ სახლში არსებული მოლოდინი, რომ კონფლიქტი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა და რეჟიმი ჩამოიშლებოდა, სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა. პრეზიდენტმაც კი თქვა, რომ ეს 3-4 დღე გაგრძელდებოდა, გავნაუბელყოფდით ირანის მთავრობას, შემდეგ ის ჩამოიშლება და ხალხი გამოვა ქუჩებში და ყველაფერი კარგად იქნება, ირანში გვეყოლება ჩვენი ადამიანი.
ეს ნიშნავს, რომ თეთრ სახლში სწორად ვერ შეაფასეს სიტუაცია. ასევე ჩანს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პირებს საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდათ. ვგულისხმობ ბატონ უიტკოფს და კუშნერს, რომლებმაც, როგორც გამოჩნდა, არ იცოდნენ, რას აკეთებენ. მათ არ ჰქონდათ ტექნიკური კომპეტენცია ირანელებთან ეფექტური მოლაპარაკებისთვის. ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სტრატეგიული აზროვნების პრობლემებზე მიუთითებს“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ჰოჯესმა ასევე არ გამორიცხა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ის საზღვაო ქვეითების დახმარება დასჭირდეს, რაც, მისივე თქმით, სარისკო ნაბიჯია.
„ტრამპი და მისი ადმინისტრაცია სასოწარკვეთილი თუ იქნება, ტრამპი თუ იგრძნობს ზეწოლას სხვადასხვა მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც, თუ იგრძნობს, რომ უნდა გამოიყენოს სამხედრო ძალა ჰორმუზის სრუტის დასაცავად, ეს იქნება გამოწვევა. უზარმაზარი ნდობა მაქვს ჩვენი საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, საზღვაო ქვეითების გამბედაობის, უნარისა და კომპეტენციის მიმართ. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ რა ფასად და რამდენ ხანს? ყველაზე მეტად მაშფოთებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში იგრძნობენ, რომ ამის გაკეთება მოუწევთ. სასურველი იქნებოდა, თუ პრეზიდენტს მისცემენ საშუალებას, გამოვიდეს თავისივე შექმნილი არეულობიდან. ევროპული ქვეყნები აშშ-ის პრეზიდენტს თუ ეტყვიან, მოდით, კვლავ დაეხმარეთ უკრაინას რუსეთის დამარცხებაში, შეწყვიტეთ რუსების დახმარება და მათთვის სანქციებიდან გამონაკლისების დაწესება, რაც, სხვათა შორის, ირანს ამერიკელების მიზანში ამოღებაში ეხმარება, და თუ ამ ბერკეტს გამოიყენებთ, მაშინ, შესაძლოა, ევროპული ქვეყნები უფრო მეტად იყვნენ მზად, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დიპლომატიურად, ეკონომიკურად ან სამხედრო გზით დასახმარებლად“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილ მეთაურ ბენ ჰოჯესთან ინტერვიუს სრულად მოსმენა შეგიძლიათ „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.