თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ბენ ასკრენმა დემიენ მაიასთან წაგებული ბრძოლის შემდეგ შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლა დააანონსა. როგორც გაირკვა, ასკრენი ამას სრული სერიოზულობით ამბობდა. სტუმრად არიელ ჰელვანთან ბენმა განაცხადა, რომ ოპერაცია ესაჭიროება და შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობას აღარ აპირებს.
„მე ვასრულებ კარიერას შერეულ ორთაბრძოლებში. ბარძაყი მაწუხებს და საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემს ექიმთან კონსულტაციის გავლა. გადაწყდა, რომ სერიოზული ოპერაცია მესაჭიროება და ვფიქრობ, აქ უნდა გავჩერდე. ამაზე რამდენიმე კვირაა ვფიქრობ და საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე“.
ასკრენი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) „უან ჩემპიონშიპიდან“ (One Championship) გადმოვიდა, მას შემდეგ, რაც 18 ბრძოლა მოიგო. UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში ბენმა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაამარცხა რობი ლოულერი. ამის შემდეგ კი წააგო ხორხე მასვიდალთან ცნობილი მუხლის ნოკაუტით და შემდეგ დათმო ბრძოლა 35 წლის დემიენ მაიასთან.