ბელგიაში კევინ დე ბრუინის აგენტი დააპატიმრეს
ბელგიაში კევინ დე ბრუინის აგენტი დააპატიმრეს

ცნობილი საფეხბურთო აგენტი პატრიკ დე კოსტერი, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის ინტერესებს წარმოადგენს, ბელგიაში დააპატიმრეს, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“.

წყაროს ცნობით, დე კოსტერის მიმართ დაწყებული გამოძიება თავად დე ბრუინის მიერ იყო ინიცირებული. გამოძიებას უძღვება ბრიუსელელი მოსამართლე მიშელ კლეზი. ეს უკანასკნელი ადრე კურირებდა ლიეჟის „სტანდარდში“ ჩატარებულ მსგავს რეიდებს. მან, აგრეთვე, მოთამაშეთა ტრანსფერებისას ფინანსურ მაქინაციებში ბრალი წაუყენა კრისტოფ ენტორს, რომლის კლიენტი „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა გახლავთ.

დე ბრუინთან დაკავშირებული გამოძიება უკავშირდება პერიოდს, როცა ფეხბურთელი „ვოლფსბურგში“ (2014-15 წლები) თამაშობდა. დე კოსტერი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და დოკუმენტების გაყალბებაში.

2018 წლის შემოდგომაზე ბელგიაში ჩაწყობილ თამაშებთან და ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა. მაშინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ანდერლეხტის“, „ბრიუგესა“ და სხვა კლუბების ოფისებში.