ბელარუსული კლუბის ქართველი ლეგენდა - ერთა ლიგაზე საქართველოს ვუქომაგებ
ბელარუსული კლუბის ქართველი ლეგენდა - ერთა ლიგაზე საქართველოს ვუქომაგებ

ზვიად ბურძენიძე ბელარუსში ცხოვრობს, მაგრამ გამოცემა „პრესბოლთან“ განაცხადა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრისას მხარს სამშობლოს დაუჭერს.

ის საქართველოში უცნობი მოთამაშეა, რომელსაც ბელარუსული გამოცემა „პრესბოლი“ საფეხბურთო კლუბ „ლიდას“ ქართველ ლეგენდას უწოდებს. 51 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ჭიათურელია, 90-იან წლებში ბელარუსში გადავიდა, სადაც უმაღლესი ლიგის მაშინდელი გუნდის, „ლიდას“ ლიდერი იყო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – 201 მატჩში 68 გოლი გაიტანა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში ვცხოვრობ და არ მსურს ჩემი ბელარუს მეგობრებს გული ვატკინო, სამშობლო ყველაფერია და საქართველოს ვუგულშემატკივრებ. პროგნოზი? შანსი 50-დან 50-ზეა, ვისაც გაუმართლებს, ის გაიმარჯვებს. ბელარუსის ეროვნულ გუნდს თბილისში დახვდება სავსე სტადიონი, რომლისგანაც საქართველოს ნაკრებს გიჟური მხარდაჭერა ექნება. ქართველებმა მქუხარე და შთამბეჭდავი მხარადჭერა იციან“ – ამბობს ზვიად ბურძენაძე.

მას კითხვა რუსეთთან კონფლიქტზეც დაუსვეს: „ჩემი მშობლიური სოფელი სამაჩაბლოს მახლობლად მდებარეობს, სადაც კონფლიქტი მოხდა. რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს? როგორ შეიძლება სამაჩაბლო, სადაც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ცალკე რესპუბლიკა იყოს? მხოლოდ რუსეთში მოიგონეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მთელს მსოფლიოში კი ყველაფერი კარგად ესმით. იმ რეგიონიდან ყველა ქართველი გააძევეს, სოფლები დაბომბეს.“