ბელარუსში საინფორმაციო სააგენტოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდულია
ბელარუსში საინფორმაციო სააგენტოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდულია

ბელარუსში სახელმწიფო და კერძო საინფორმაციო სააგენტოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდულია. კერძოდ, მომხმარებელი ვერ შედის ბელარუსში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააგენტოს „tut.by“-ის ვებგვერდზე, რომლის ჟურნალისტებმაც გუშინ განაცხადეს, რომ მათ სააგენტოზე შეტევა განხორციელდა.

ასევე, შეზღუდულია წვდომა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე „ბელტა“ და კერძო სააგენტოზე “ბელაპანი“.

ამასთან, დაბლოკილია წვდომა დამოუკიდებელ გამოცემაზე „ბელარუსული პარტიზანი“.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდს, მასზე წვდომა რამდენიმე საათის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა ნაწილობრივ აღდგა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ვებგვერდების სერვერები ბელარუსის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული. ამიტომ, უცნობია კონკრეტულად, რამ გამოიწვია მათი გათიშვა.

გუშინ ღამით ბელარუსის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მიტინგების დროს ასობით ადამიანი დააკავეს, არიან დაშავებულები.