ბელარუსში საფრთხე პირველად აღიარეს - მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო
ბელარუსში საფრთხე პირველად აღიარეს - მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმირ კარანიკმა აღიარა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატში მატჩი პირველად გადაიდო. ბელარუსი მსოფლიოში იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც ეროვნული ჩემპიონატი კორნავირუსის პანდემიის გავრცელების მიუხედავადაც გრძელდება.

თუმცა, გასულ კვირას ბელარუსის ჩემპიონატში „ვიტებსკისა“ და „სმოლევიჩის“ მატჩი გადაიდო. თავდაპირველად ითქვა, რომ მესამე ტურის მატჩი 5 აპრილს ვიტებსკში ჩატარდებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაიდო. ბელარუსის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქიდან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შემაშფოთებელი ამბები გავრცელდა – ვიტებსკში კორონავირუსის სწრაფად გავრცელდა და პირველი გარდაცვალების ფაქტიც ოფიციალურად დაფიქსირდა.

თავიდან გუნდიც და ხელისუფლებაც უარყოფდა, რომ თამაში კორონავირუსის გამო გადაიდო. პირველად ხმა გულშემატკივრებმა ამოიღეს, ხოლო „სმოლევიჩის“ მცველმა ედუარდ ჟევნეროვმა აღიარა, რომ გამგზავრების ეშინოდა.

ისტორია დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრ ვლადიმირ კარანიკის აღიარება, რომ მატჩი კორონავირუსის გამო ჩაიშალა. ეს მან ბელარუსში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმ რეგიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველაზე დაძაბულია, სპორტული შეჯიბრებები არ ტარდება. ის ფეხბურთის მატჩიც კი, რომელიც ვიტბსკში უნდა ჩატარებულიყო, სხვა რეგიონში გაიმართება” – განმარტა კარანიკმა.