ბელარუსმა მსოფლიო ჩემპიონებმა და ოლიმპიურმა პრიზიორებმა ლუკაშენკოს მიმართეს - ისინი ნაკრებიდან წასვლით იმუქრებიან
ბელარუსმა მსოფლიო ჩემპიონებმა და ოლიმპიურმა პრიზიორებმა ლუკაშენკოს მიმართეს - ისინი ნაკრებიდან წასვლით იმუქრებიან

ბელარუსის სპორტულმა საზოგადოებამ, მათ შორის მოქმედმა სპორტსმენებმა და დიდი საერთაშორისო სპორტული ტურნირების პრიზიორებმა ღია წერილით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

„ამ წერილს ხელს ვაწერთ ადამიანები, რომლებიც ბელარუსის სპორტს მივეკუთვნებით, გამოვდივართ ქვეყნის ჩემპიონატებში, ასევე ვიცავთ ბელარუსის რესპუბლიკის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მრავალრიცხოვან ფაქტებს, აგრეთვე, ძალისმიერი სტრუქტურების მხრიდან უხეში ძალადობის გამოვლინებას მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ.

გვჯერა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში არიან ღირსეული ადამიანები და ნამდვილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ზოგიერთმა თანამშრომელმა გასცა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული ძალის გამოყენების ბრძანება ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეთა წინააღმდეგ, სხვა თანამშრომლებმა კი ეს ბრძანება შეასრულეს“, – წერია განცხადებაში.

სპორტსმენთა ჯგუფი ითხოვს 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოცხადდეს, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და მშვიდობიანი აქციების დროს დაკავებულები, შეწყვიტონ ძალადობა პატიმრების მიმართ და დასაჯონ დამნაშავეები. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპორტსმენები უარს იტყვიან ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში გამოსვლაზე, სპორტული ჩინოვნიკები კი არ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო თუ ეროვნული სპორტული ტურნირების ორგანიზაციაში. სპორტსმენთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ აცნობებენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და სხვა საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს.

19 აგვისტოსთვის წერილს ხელი მოაწერა 110-მა ადამიანმა. მათ შორის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორებმა – ალექსანდრა გერასიმენიამ (ცურვა), ანდრეი კრავჩენკომ (მძლეოსნობა), ნატალია ლეშჩიკმა (მხატვრული ტანვარჯიში), აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონებმა – ალექსანდრა რომანოვსკაიამ (ფრისტაილი), სტეპან პოპოვმა (სამბო) და ბევრმა სხვამ.

უფრო ადრე, მიტინგების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის წინააღმდეგ გამოვიდნენ ბიატლონში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი დარია დომრაჩევა და ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი არინა საბალენკა, თუმცა, მათ ამ წერილისთვის ჯერ ხელი არ მოუწერიათ.