ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების მხრივ წლის ბოლომდე წინ წავიწევთ
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების მხრივ წლის ბოლომდე წინ წავიწევთ

ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე წინ წავიწევთ სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მხრივ, – ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ მაკეიმ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი, როგორც ყოველთვის პოზიტიურია.

„დღეს მოხდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10-წლიანი არსებობის შედეგების შეჯამება და სამომავლო მოლოდინების დასახვა. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად მოხდეს ყველა ჩვენი მიღწევის გაანალიზება, ასევე იმაზე ფიქრი, თუ სად გვაქვს ხარვეზები, შესაბამისი დასკვნების გამოტანა და ისე გაკეთება, რომ მომავალ ათ წელიწადში მივაღწიოთ ბევრად მეტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განვითარების ფარგლებში.

მოლოდინები ძალიან დიდია. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ურთიერთობების კურსის გაგრძელება. ვაპირებთ, მივაღწიოთ პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეჩერებულია. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე წინ წავიწევთ სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მხრივ. ვაპირებთ, ასევე ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა მტკიცედ ვიმუშაოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ძირითადი შეთანხმების გასაფორმებლად“,- განაცხადა მაკეიმ.

შეკითხვაზე, რატომ არ ჩავიდა დღეს ბრიუსელში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა, რომ დადგება, დრო და პრეზიდენტიც ჩავა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.