ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი გადადგა - მან საქართველოსთან წააგო, ბელგიასთან 0:8 შერცხვა და ისტორიაში ანტირეკორდით შევიდა #1TVSPORT
ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი გადადგა - მან საქართველოსთან წააგო, ბელგიასთან 0:8 შერცხვა და ისტორიაში ანტირეკორდით შევიდა #1TVSPORT

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ მარხელი თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ და ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხელშეკრულების გაწყვეტა ერთობლივად გადაწყვეტეს. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მიხეილ მარხელს თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია ბელარუსის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

მარხელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ბელგიის ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურში ბელორუსის ნაკრები ბელგიასთან 0:8 დამარცხდა. ეს ბელარუსის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება იყო. მანამდე ყველაზე გამანადგურებელი მარცხი გუნდმა ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის ნაკრებთან განიცადა – მაშინ ბელარუსებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუშვეს – 0:5.

მარხელმა ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს ბელგიასთან მატჩში გამანადგურებელი მარცხისთვის. მარხელი ბელარუსის ეროვნულ გუნდს 2019 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე მუშაობდა ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებში. ის იყო ბელარუსის ნაკრების დამრიგებელი 8 ოქტომბერს თბილისში გამართულ ევრო2020-ის პლეი-ოფის მატჩში, რომელიც საქართველომ 1:0 მოიგო.