ბელარუსმა ფეხბურთელმა უკრაინის არმიისთვის მანქანა იყიდა #1TVSPORT
ბელარუსმა ფეხბურთელმა უკრაინის არმიისთვის მანქანა იყიდა #1TVSPORT

ლატვიური კლუბის, „რიგას“ ფეხბურთელმა, ბელარუსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა იური კენდიშმა ღიად დააფიქსირა რუსეთის მიმართ პროტესტი უკრაინაში შეჭრის გამო და აგრესორებთან მებრძოლ ქვეყანას დაეხმარა.

ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს დიმიტრი პოვოროზნიუკი, რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნებაა – უკრაინის საფეხბურთო კლუბ „ვერესის“ ფეხბურთელია, რომელიც რაც უნდა უცნაური იყოს, 12 წელია პარალელურად ჟურნალისტად მუშაობს.

მისი ცნობით, კენდიშმა თანაგუნდელ უკრაინელ ფეხბურთელებს (ფილიპოვი, იურჩენკო, ვაკულკო) მხარი აუბა და მათთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის ავტომობილი Nissan X-Trail შეიძინა.

„ამავე დროს, უკრაინაში ფეხბურთელებს მანქანა ცარიელი არ გაუგზავნიათ. ლატვიელ მოხალისეებთან ერთად, მათ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარებაც გაუგზავნეს. მობილური ჯგუფების საჭიროებებისთვის ჯიპების გამოყენება რუსული თავდასხმის შემდეგ უკრაინის არმიისთვის დამახასიათებელ მეთოდად იქცა“, – წერს დიმიტრი პოვოროზნიუკი.

31 წლის იური კენდიში თამაშობდა სოლიგორსკის „შახტარში“, ბრესტის „დინამოში“, ტირასპოლის „შერიფსა“ და ბორისოვის „ბატეში“, ასევე ბელორუსიის ნაკრებში. ნახევარმცველი ლატვიაში 2022 წლის იანვრიდან თამაშობს.