ბელა ოსიპოვა - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საკრებულოს სხდომები სახელმწიფო ენაზე არ ტარდება
ბელა ოსიპოვა - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საკრებულოს სხდომები სახელმწიფო ენაზე არ ტარდება

რა თქმა უნდა, ქვეყნის თითოეული მოქალაქე ქართულ ენაზე უნდა საუბრობდეს, მაგრამ რეგიონებში ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს და მაინტერესებს, ენის პალატა ხომ არ მიმართავს რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს, რამაც შესაძლოა, მოსახლეობას გამოთქმის თავისუფლება შეუზღუდოს – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, ბელა ოსიპოვამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაინტერესებს, როგორ აპირებს ენის პალატა ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებას, ან ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა, ამ რეგიონების მოსახლეობა სახელმწიფო ენის არცოდნის გამო სხვადასხვა აქტივობებში შეიზღუდოს“, – განაცხადა ოსიპოვამ

როგორც მან აღნიშნა, ორ დიდ რეგიონში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, ენობრივი ბარიერი არსებობს და საკრებულოს სხდომები არასახელმწიფო ენაზე ტარდება, რაც პრობლემას წარმოადგენს.

„ამ რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ და შესაბამისად, ქართულად არ საუბრობენ. ენის სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან დიდ, რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს იწყებს და ყველანაირად მივესალმები სახელმწიფო ენის დაცვა–პოპულარიზაციას“, – განაცხადა ბელა ოსიპოვამ.

ბელა ოსიპოვას განცხადებას ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმით, ქართული ენის სწავლის თვალსაზრისით, ეთნიკური უმცირესობების მიმართ იძულებითი ფორმები გამოყენებული არ იქნება.