BBG Watch-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე „რადიო თავისუფლებაში“ კომენტარს არ აკეთებენ
BBG Watch-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე „რადიო თავისუფლებაში“ კომენტარს არ აკეთებენ

„რადიო თავისუფლებაში“ კომენტარს არ აკეთებენ ორგანიზაცია BBG Watch-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ ბიუროს „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს.

როგორც პირველ არხს  „რადიო თავისუფლების “ ქართული სამსახურის დირექტორმა დავით კაკაბაძემ BBG Watch-ის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, მსგავს საკითხებზე ყველანაირ კომენტარს „რადიო თავისუფლების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება აკეთებს.

„საშინაო საკითხებზე ჩვენ, ცალკეული რედაქციები საერთოდ არ ვსაუბრობთ.  სიამოვნებით დაგელაპარკებოდით, მაგრამ ჩვენი წესის თანახმად, საშინაო საკითხებს რაც შეეხება, ამაზე კომენტარს საზოგადოებასთნ ურთიერთობის განყოფილება აკეთებს. ჩვენ ვიცავთ ამ წესებს, რათა თავიდან ავიცილოთ რაღაცა მითქმა-მოთქმა და ჭორები. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რადიოს პოზიციაზე განყოფილების ხელმძღვანელს ჯოან ლევისონს უნდა მიმართოთ“, – განუცხადა დავით კაკაბაძემ პირველ არხს.

პირველი არხი დაუკავშირდა „რადიო თავისუფლების“ საზოგადოებასთან ურთიერობის განყოფილების ხელმძღვანელს ჯოან ლევისონსაც, რომელმაც განაცხადა, რომ შიდა საქმეებზე საჯარო კომენტარი არ კეთდება.

ორგანიზაცია BBG Watch-მა ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალურ ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს.

ამავე ორგანიზაციის ცნობით, ზეწოლა ხორციელდება ქართული ბიუროს დირექტორზეც, რომ მან თანამდებობა დატოვოს.