ბათუმში შეხვედრას 4 ათასი მაყურებელი დაესწრო – დინამო გულშემატკივრებს მადლობას უხდის
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის დინამოს დაბრუნებას გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაი მოჰყვა: ქუთაისის ტორპედოსთან მეორე ტურის შეხვედრას ბევრად მეტი მაყურებელი დაესწრო, ვიდრე ანგისას საფეხბურთო კომპლექსის სტადიონის ტრიბუნები იტევს.
მომხდარს ბათუმის დინამოს ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ახლა, როცა ემოციები გაიფანტა და მატჩის შემდეგ მხოლოდ ფაქტები დაგვრჩა, ბათუმის დინამოს თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის და კლუბის თითოეული თანამშრომლის სახელით გვინდა ჩვენს საქომაგოდ მოსულ გულშემატკივარს გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ. გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამას ვაფასებთ და გვეამაყებით. მადლობა იმისთვის, რომ ფან-კულტურის მაღალ ხარისხს აჩვენებთ და საუკეთესოები ხართ. ჩვენი მთავარი ამოცანა თქვენი მოლოდინების გამართლებაა. გვინდა, რომ დინამოს იმედი გქონდეთ. წარმატება აუცილებლად მოვა. განსაკუთრებული მადლობა დინამოს ფან-კლუბს, შავი ზღვის მეკობრეებს, ყველაზე ორგანიზებულ და ტოლერანტულ ადამიანებს” – წერია გუნდის ოფიციალურ გვერდზე.
ბათუმის დინამოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ შეხვედრას 4000-მდე ქომაგი დაესწრო. ანგისას საფეხბურთო ბაზის ტრიბუნები კი 1670 გულშემატკივარს იტევს.