ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება
6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტარდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.