ბათუმში პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულიად ადასტურებს პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. საქმეში არსებობს უამრავი მოწმე“, – განაცხადა გიორგი გრატიაშვილმა.

დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომლის აცილებაც გელა ჭაღაძემ მოითხოვა.

„მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე დაცვა იყო სავალდებულო, აცილებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მასთან არ მქონია კომუნიკაცია, თუ ვერ აიყვანს ადვოკატს, ჩვენ დავიცავთ. აუცილებელია ექსპერტიზა, რამდენად შერაცხადია პიროვნება“, – განაცხადა ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის არც ერთი წევრი არ ესწრებოდა. გელა ჭაღალიძემ აღნიშნა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი.

„ამხელა ბრალს მე არ ვიმსახურებ, საერთოდ არ დამიზიანებია მეორე პოლიციელისთვის ფეხი. ეს არ არის სიმართლე და არც ორჯერ დამირტყამს დანა, თან ეს დანა კი არა, მოკლე საგანი იყო“, – ამბობს ბრალდებული.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ობიექტური გამოძიების მიზნით, თუ საჭირო გახდა, აუცილებლად დაინიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით სათანადო ექსპერტიზა.

„თავდასხმა მოხდა განზრახ, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელი იყო. არც დაჭრილს და არც მეწყვილეს მასთან ადრე რამე სახის ურთიერთობა არ ჰქონიათ, დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის, მხოლოდ რამდენიმე ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს“, – განაცხადა პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.

შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს.

ამასთან, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.