პროკურორის ინფორმაციით, ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციული სახდელები ჰქონდა დაკისრებული
პროკურორის ინფორმაციით, ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციული სახდელები ჰქონდა დაკისრებული

ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებულმა, გელა ჭაღალიძემ სახაზინო ადვოკატის აცილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობს.

ჭაღალიძეს არ ჰყავს სხვა ადვოკატი. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დაკავებულს განუმარტა, რომ სახაზინო ადვოკატი მას სავალდებულო წესით დაენიშნა, ამდენად ადვოკატი ვერ დასთანხმდება აცილებას, სანამ ბრალდებული მისთვის სასურველ კანდიდატს არ წარმოადგენს.

37 წლის გელა ჭაღალიძეს მოსამართლემ დეტალურად განუმარტა ბრალი, რომელიც მას ედება. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ორი ნაწილი, მათ შორის, ერთი პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს.

საქმის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის ინფორმაციით, ბრალდებულს დაკისრებული აქვს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სახდელები.

„ბრალდებული მიზანმიმართულად დაესხა თავს პოლიციელებს. მას დაკისრებული აქვს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სახდელები, რის შემდეგაც, მისმა ქმედებამ მიიღო უფრო აგრესიული ფორმები. იგი ცდილობდა პოლიციელის დაჭრის შემდეგ მიმალვას, მეორე პოლიციელს კი, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა, დაზიანება მიაყენა ფეხის არეში. მან თავდასხმა განახორციელა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, მას ხშირად უფიქსირდება საზღვრის ხშირი კვეთაც. ის განაგრძობს დანაშაულებრივ ქმედებებს, თუ არ იქნება მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

ალექსანდრე ძირკვაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გამოძიება არ ფლობს გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ ჭაღალიძე ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია და მისი კრიმინალური „კარიერისთვის“ პოლიციელზე თავდასხმა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი.