ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხის საკითხზე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხის საკითხზე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამთავრობო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ დამარხავენ ნეშტებს, რომლებიც ბათუმის საკათედრო ტაძარში ინახება.

კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. დღეს გამართულ სხდომას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, არქეოლოგები და ისტორიკოსები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეები ნეშტებზე დნმ ანალიზის ჩატარებას და დასაკრძალად ნეიტრალური ადგილის გამოყოფას ითხოვენ, რადგან გარდაცვლილები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ.

ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელმა პირიმზე რურუამ განაცხადა, რომ სამარხების აღმოჩენა ორი წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული არ ყოფილა, ინფორმაცია ჰქონდა ყველა შესაბამის სტრუქტურებს.
პირიმზე რურუას განმარტებით, დაკრძალვის თარიღი, რომელიც თავდაპირველად შეარჩიეს, თავდაცვის მინისტრთან იყო შეთანხმებული და ბზობის დღესასწაულს არ უკავშირდებოდა. მისივე თქმით, დაკრძალვას პრეზიდენტიც უნდა დასწრებოდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განმარტებით, ისინი მიმართავენ სამხარაულის ექსპერტიზას დნმ ნიმუშების ასაღებად.

„ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კომისიის სახელით მივმართავთ, რათა ნეშტებზე ნიმუშები აიღოს. დნმ კვლევა ხარჯეფექტურია და ხანგრძლივი პროცედურაა. დნმ კვლევა შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენი შეთავაზებაა, რომ არ დაველოდოთ დნმ ანალიზს და მათი დაკრძალვა მანამდე სამოქალაქო წესით მოხდეს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

სამთავრობო კომისია შეხვედრას ახლო მომავალში ისევ გამართავს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული.