ბათუმში ხანძრის დროს ხულოს ოთხი მკვიდრის დაღუპვის გამო, მუნიციპალიტეტის საკრებულო მწუხარებას გამოთქვამს
ბათუმში ხანძრის დროს ხულოს ოთხი მკვიდრის დაღუპვის გამო, მუნიციპალიტეტის საკრებულო მწუხარებას გამოთქვამს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო 24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაღუპულთა შორის ოთხი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.

„24 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ოთხი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძისა და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტსა და სრულიად საქართველოს. ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენგანისათვის“ – ამ განცხადებას, თანდართულ ფოტოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აქვეყნებს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.