ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია ეკომიგრანტების ნაწილმა უკვე დატოვა
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია ეკომიგრანტების ნაწილმა უკვე დატოვა. მათ დაშლისკენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე მოუწოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობა ოჯახების პრობლემებზე მუშაობს.
„კარგად ვიცნობთ ამ ოჯახების პრობლემებს, ნაწილის საკითხი უკვე განიხილება და აჭარის ბიუჯეტიდან მათ სახლებს შევუძენთ, ნაწილი კი საერთოდ არ არის აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები, ამიტომ კანონი არ მოგვცემს მათი საკითხის შესწავლის საშუალებას. მზად ვარ, დილის ათი საათიდან თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მოვუსმინო, სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრა კი დაუშვებელია“, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უსახლკარო ოჯახების შეჭრის მცდელობის დროს, ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
ყოფილი სამხედრო ბაზის შენობასთან თავმოყრილ ოჯახებს, ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.