“კონტინენტის ფარის” პლეიოფის სტადიაზე “ბათუმმა” პირველი შეხვედრა “ტიმიშოარა სარასენსის” წინააღგმდეგ შინ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში ხუთქულიანი სხვაობით (6:11) დამარცხდა. პრაქტიკულად მთელი დაპირისპირების მანძილზე წვიმდა და ბუნებრივმა პირობებმა თამაშის ხარისხში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა.
მატჩის პირველი ნახევარი საათი გუნდებმა ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს. ანგარიში 33-ე წუთზე რუმინელთა მგეზავმა ჯორდი როუზმა არეკნით გახსნა. სამიოდ წუთში ბახვა კობახიძემ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა 49-ე წუთი, როდესაც მოედნიდან “ბათუმელთა” ლიდერი, გიორგი თხილაიშვილი ყვითელი ბარათით გააძევეს. კაცნაკლულმა მასპინძელმა ლელო ერთ წუთში, 50-ე წუთზე გაუშვა. მოლის შემდეგ რუმინელთა კვაჭმა იყოჩაღა (რედოი 50′) – 3:8.
58-ე წუთზე კობახიძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ჯარიმა სტუმრებაც გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 6:11 დააფიქსირეს.
პლეიოფის მომდევნო მატჩს ბათუმელები ამავე მეტოქის წინააღგმდეგ, 20 იანვარს, სტუმრად, რუმინეთში ჩაატარებენ. ქართულ კლუბს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შეხვედრის ხუთ ქულაზე მეტით მოგება დასჭირდება.