თემურ ბენდიაშვილი - იტალია ჩვენზე წინ არ არის | „ლოკომოტივი“ „კონტინენტის ფარისთვის“ ემზადება [ფოტო]
თემურ ბენდიაშვილი - იტალია ჩვენზე წინ არ არის | „ლოკომოტივი“ „კონტინენტის ფარისთვის“ ემზადება [ფოტო]

დღეს „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე, საქართველოს ჩემპიონმა მორიგი ვარჯიში გამართა. თემურ ბენდიაშვილის გუნდი, „კონტინენტის ფარზე“ იტალიურ „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდება. თბილისური გუნდი პირველ შეხვედრაში გამარჯვების შედეგად (29:22), შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალურ შანს ინარჩუნებს.

ვარჯიშის შემდეგ, „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ბენდიაშვილმა და კაპიტანმა ვახტანგ კავთიძემ, პირველ არხთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთეს.

„მატჩისთვის ძალიან მონდომებით ვემზადებით. ბევრჯერ ვნახეთ „ფიამე ოროს“ თამაში. გვჯერა რომ მოგება შეგვიძლია. ტრავმები არის, ბეგაძე და გაგოშვილი დაგვაკლდება. გამოჩნდა ერთი რამ, რომ იტალია ჩვენზე წინ არ არის, ჩვენზე წინ არის მხოლოდ იმით, რომ 2 გუნდით არის წარმოდგენილი პრო 14-ში. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ საერთაშორისო ტურნირებზე არა ერთი, არამედ ორი, სამი გუნდით, რაც ქართული საკლუბო რაგბის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა თემურ ბენდიაშვილმა.

„ამ გუნდებთან თამაში ჩვენ შეგვიძლია, რაც გამოჩნდა კიდევაც გასულ შეხვედრებში. ცოტა ტემპის მომატება გვჭირდებოდა და ამის ადაპტირებაც მოვახერხეთ. თბილისში რა თქმა უნდა მოსაგებად გავალთ. ჩვენს მოწინააღმდეგეს ძლიერი შერკინება ჰყავს, სწრაფ რაგბის თამაშობენ. იტალიელებიც მოსაგებად ჩამოდიან, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მათაც შეინარჩუნონ“,- განაცხადა ვახტანგ კავთიძემ.

„ლოკომოტივისა“ და „ფიამე ოროს“ შეხვედრა, 12 იანვარს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე 15:00-ზე დაიწყება.