„კონტინენტის ფარის“ მეორე მატჩის გასამართად „ლოკომოტივი“ იტალიურ „ფიამე ოროს“ ესტუმრა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის პირველი ლელო თბილისურმა კლუბმა მე-10 წუთზე დადო. რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ თავი ფარნა გასვიანმა გამოიჩინა. იტალიელებმა ანგარიში ლელოს გაშვებიდან ორიოდ წუთში გაათანაბრეს და ტაიმის მიწურულს საჯარიმო დატყმით წინ გავიდნენ – 10:7.
„ლოკომოტივმა“ მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. ბურთი ძელებს შორის ბექა წიკლაურმა გააძვრინა. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, ათ წუთში თორმეტი ქულა მოიპოვეს და 22:10 დაწინაურდნენ. თბილისურმა კლუბმა 67-ე წუთზე ლელო გაქვითა, ხოლო 73-ეზე კი ანგარიში გაათანაბრა – 22:22.
76-ე წუთზე იტალიელებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ წინ გასვლის შანსი, თუმცა მათმა მგეზავმა ჯარიმის გატანა ვერ მოახერხა. მატჩისთვის განკუთვნილი დრო უკვე გასული იყო, როდესაც „ლოკომოტივმა“ ბურთი მეტოქის ნახევარზე იგდო ხელთ, კარგი იერიში განავითარა და გამარჯვების მომტანი ლელო ლევან ჭავჭავაძემ დაამიწა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ შეხვედრაში „ლოკომოტივი“ „კალვიზანოსთან“ დამარცხდა (6:17).„რკინიგზელები“ მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს, სწორედ ამ კლუბის წინააღმდეგ გამართავენ.