„ლოკომოტივმა“ იტალიური „ფიამე ორო“ გაანადგურა | კონტინენტის ფარი
„ლოკომოტივმა“ იტალიური „ფიამე ორო“ გაანადგურა | კონტინენტის ფარი

„კონტინენტის ფარის“ ბოლო შეხვედრაში თბილისური „ლოკომოტივი“ იტალიურ „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა.

მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე წუთებზე მოიპოვეს და მე-15 წუთისთვის უკვე 10:0-ს იგებდნენ. დაპირისპირების პირველი ლელო გაგა არაბულმა დადო (14′). მე-18 წუთზე თავი გიორგი შკინინმაც გამოიჩინა და 15:0 დააფიქსირა, მაგრამ ამის შემდეგ რკინიგზელები მოდუნდნენ და ტაიმის დასრულებამდე ქულა არ აუღიათ. 39-ე წუთზე იტალიელთა მხრიდან ტაიმის პირველი და ერთადერთი ლელო ჯოვანი დ’ონოფრიომ დადო.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლები უდიდეს უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქეს ერთის საპასუხოდ ოთხი ლელო დაუდეს. შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ბექა წიკლაურს, რომელმაც გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, დაახლოებით 55 მეტრიდან არეკნის გატანაც მოახერხა.

72-ე წუთზე თბილისელებს „ფიამე ოროს“ იშვიათი იერიში გაეპარათ და კიდესთან ახლოს ლელო კორნელმა დადო – 47:10. იტალიელები ბოლო წუთებზეც აქტიურობდნენ, თუმცა მეტი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს და შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.

ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ყველაფერი „კალვიზანო“ „ფიამე ოროს“ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. თუკი ერთ კვირაში „კალვიზანო“ „ფიამე ოროს“ ვერ დაამარცხებს, ლოკომოტივი „კონტინენტის ფარზე“ ასპარეზობას გააგრძელებს.