ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს.
მოსამართლემ, შესაძლოა, ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზევე გამოაცხადოს ან მისი გამოცხადება გადადოს.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
სასამართლოს სხდომას ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც.
ამასთან, სასამართლოსთან მივიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.