ბათუმის საკრებულოს წევრი დიმიტრი ჭეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა, პარტიაში კი ამბობენ, რომ ის გარიცხეს
ბათუმის საკრებულოს წევრმა, დიმიტრი ჭეიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. ის გახარიას გუნდს უერთდება.
ჭეიშვილი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
რამდენიმე მიზეზთან ერთად, ჭეიშვილმა პარტიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა, რომ გახარიასადმი სიმპათიის გამო, საკრებულოდან ჯანდაცვის კომისიის სპეციალისტი გია აბულაძე გაათავისუფლეს.
„რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია… ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას.
ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად“, – წერს დიმიტრი ჭეიშვილი.
საკრებულოს უკვე ყოფილი სპეციალისტი გია აბულაძე აცხადებს, რომ მას კვირას მოსთხოვეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში გახარიას მხარდამჭერი სტატუსი გამოაქვეყნა.
ამ განცხადებებს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ ჭეიშვილი განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გარიცხეს პარტიიდან.
„დიმიტრი ჭეიშვილი განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირიცხა პარტიიდან. ამის მიზეზი კი, მისი მხრიდან შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევა და შეუთანხმებელი, პარტიის საწინააღმდეგო მოქმედებები იყო“, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.
რაც შეეხება გია აბულაძის გათავისუფლებას, მანველიძის განცხადებით, გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატში შიდა მოკვლევის საფუძველზე მიიღეს.