ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ
ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ

ხმაური იყო ბათუმის ნავსადგურში, სადაც დილისთვის საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ელოდებიან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.

ტერიტორიაზე მოქალაქეები, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ ნავსადგურის ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება გამოცხადდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ტერიტორია, რომელიც ჯებირით არის შემოსაზღვრული. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან სიტყვიერ შელაპარაკებასაც.

აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა ასევე გაშალა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი.

ამ დროისთვის შეკრებილთა ნაწილი იმ ტერიტორიაზე რჩება, სადაც ორი დღის წინ მიმდინარეობდა საკრუიზო გემის შემოსვლის საწინააღმდეგო აქცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დილის 06:00 საათამდე ტერიტორიაზე დარჩებიან. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.

მოქალაქეთა ნაწილი დილის 06:00 საათზე ისევ გეგმავს საპროტესტო აქციას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.