ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაყრილი ძაღლების თაობაზე შესაძლებელია, გამოძიება დაიწყოს
ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაყრილი ძაღლების თაობაზე შესაძლებელია, გამოძიება დაიწყოს

ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაყრილი ძაღლების თაობაზე შესაძლებელია, გამოძიება დაიწყოს. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

კომპანია „სევერის“ ხელმძღვანელი ჯემალ გოგიტიძე ამბობს, რომ ნაგავსაყრელზე, ე.წ. ბეიკერის ბუნკერებში მართლაც იმარხებიან ცხოველები, მაგრამ არა დახოცილი, არამედ დაღუპული. მისი თქმით, ცხოველების მოკვლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება, როცა ძაღლი დაავადებულია და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველებს.

ჯემალ გოგიტიძე ქალბატონს, რომელმაც დღეს დახოცილი ძაღლების ვიდეო გაავრცელა, პროვოკაციაში ადანაშაულებს.

„ამ ქალს დაეკარგა კატა, მოვიდა ჩვენთან და დაგვაბრალა, რომ კატა ჩვენ მოვკალით. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარვყავით ფაქტი, რის შემდეგაც გამოვიდა და ეს ბეიკერის ბუნკერი გადაიღო. აქ კანონით ხდება ძაღლების დამარხვა. ბუნკერი ბოქლომით არის დაკეტილი, დღეს დილით კი ღია დაგვხვდა. ეჭვი მაქვს, რომ მან მოხსნა ბოქლომები გადაღებისთვის. ამას სამართალდამცველები გაარკვევენ“, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.

ქალბატონი კი, რომელმაც დღეს ვიდეო გაავრცელა, ამბობს, რომ კომპანია თავად უწყობს მას პროვოკაციას.

„აი, ხომ ხედავთ, ყველაფერზე მიდიან. მე მარტო არ ვყოფილვარ, სხვებიც არიან მოწმე, რომ ბუნკერი ღია იყო, რითი უნდა მომეგლიჯა ბოქლომი. მე ვამტკიცებ, რომ უპატრონო ცხოველებს ხოცავენ და საშინელებები ხდება“, – განაცხადა ქალმა, რომელიც ითხოვს, მისი ვინაობა არ გაამხილონ.

ქალმა დღეს ჟურნალისტებს დაღუპული ძაღლების ამსახველი ვიდეო მიაწოდა. მისი მტკიცებით, კადრები ბათუმის ნაგავსაყრელზეა გადაღებული, სადაც დახოცილ ძაღლებს ყრიან.