ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩიდან დახლებისა და ჯიხურების აღებას აპროტესტებენ
ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩიდან დახლებისა და ჯიხურების აღებას აპროტესტებენ

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი წერეთლის ქუჩიდან დახლებისა და ჯიხურების აღებას აპროტესტებენ.

„გვინდა, დავბრუნდეთ ჩვენს ადგილებზე. დამიზიანეს ქონება, რაშიც ფული მქონდა გადახდილი. ხვალიდან ისევ გავაგრძელებ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ამასთან, აქციის ორი მონაწილე დღეს შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დახმარება აღმოუჩინა.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ. მათ მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

რამდენიმე წუთის წინ, მერმა აქციის ხუთი წარმომადგენელი მიიღო.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოვაჭრეებს შესთავაზეს ალტერნატიული ფართები ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე და გარემოვაჭრეთა ნაწილი მერიის შეთავაზებულ ვარიანტს დაეთანხმა.

წერეთლის გამზირზე გარე ვაჭრობის ჯიხურები გუშინ გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა აიღეს. ადგილზე იმყოფებოდა ვიცე-მერი, რომელმაც განაცხადა, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია უნდა გაეთავისუფლებინათ.

გარე ვაჭრობის პრობლემა წერეთლის გამზირზე 20 წელია არსებობს. ტერიტორიის მოწესრიგებას ქუჩის მცხოვრებლებიც ითხოვდნენ.