ბათუმში გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღებას ხმაური მოჰყვა
ბათუმში გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღებას ხმაური მოჰყვა

ბათუმში მერიის სამსახურები წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებიდან ​გარევაჭრობისთვის განკუთვნილ დახლებსა და ჯიხურებს იღებენ.

გარევაჭრობის აღკვეთას მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ დახლების აღების თაობაზე გაფრთხილებულები არ იყვნენ.

„გაუფრთხილებლად გაგვინადგურეს ყველაფერი. ისღა დაგვრჩენია, ხვალიდან აქციებს მივმართოთ“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

პროცესს მერიის თანამშრომლებსა და მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, ღამით გარე ვაჭრობის აღკვეთის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ დღის განმავლობაში ტრანსპორტით გადატვირთულ წერეთლის ქუჩაზე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ბათუმის ვიცე-მერი აცხადებს, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა, უშედეგოდ მიმდინარეობს.

„ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, დავთანხმდით მათ მიერ შეთავაზებულ ვარიანტსაც, გადაგვეყვანა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ყველაფერი უსასყიდლოდ გავუკეთეთ, მაგრამ არ თანხმდებიან, ამ ქუჩაზე კი გარევაჭრობის გაგრძელება აღარ შეიძლება და აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

რაც შეეხება წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს, ისინი მერიის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და გარევაჭრობის აღკვეთას მიესალმებიან.

დატოვე კომენტარი