ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებთან დაკავშირებით ხვალ შესაბამისი დარგის ექსპერტები იმსჯელებენ
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებთან დაკავშირებით ხვალ შესაბამისი დარგის ექსპერტები იმსჯელებენ

ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხვალ შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობით გაფართოებული მსჯელობა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერია მოქალაქეთა ჯგუფს და ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ისტორიული ქალაქის ზონის შენარჩუნებისა და ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მერიის ინფორმაციით, ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შესაბამის დოკუმენტზე მუშაობენ. მათივე თქმით, როდესაც დასრულდება ყველა საჭირო დოკუმენტის შესწავლა-დამუშავება, ბათუმის მერია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

„ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხვალ გაიმართება გაფართოებული მსჯელობა შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობით. გადაწყვეტილება მიღებული იქნება აღნიშნული შეხვედრის შემდეგ.

ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნების მიზნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ასევე სხვა ფონურ შენობებთან მიმართებაში.

რაც შეეხება წლების წინ შეთანხმებულ პროექტებს (პროექტის ეტაპების შეთანხმება), იმ შემთხვევებში, როცა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მომართვა განხორციელდა მერიის მიერ ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ (ძველი ბათუმის ტერიტორიაზე 12-მეტრიანი შეზღუდვა), მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. შესაბამისად, მერიას ნებართვის გაცემაზე უარის თქმის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია“, – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა და ორგანიზაციებმა ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად საპროტესტო აქციები დღეს დააანონსეს.