მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი და ორგანიზაციები ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად საპროტესტო აქციებს აანონსებენ
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი და ორგანიზაციები ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად საპროტესტო აქციებს აანონსებენ

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ და ორგანიზაცია „ბათომი“ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

წლების განმავლობაში ისინი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად სხვადასხვა ტიპის აქციებს მართავენ, თუმცა ამბობენ, რომ ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილი ისევ საფრთხეშია.

ორგანიზაციებს სამი მოთხოვნა აქვთ, კერძოდ, შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული უკანონო ე.წ. ზონალური საბჭო, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს მშენებლობასთან დაკავშირებით.

მათივე განცხადებით, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ უნდა დაუშვან მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ უნდა დაბრუნდეს ისტორიული ზონის საზღვრებში.

ამასთან, ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას არ უნდა მოაწეროს ხელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტის გარეშე.

„გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლება ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ან კორუფციულ გარიგებებში შედის ინვესტორებთან“, – აცხადებს მოქალაქე ზეინაბ დიასამიძე.