ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გარემოვაჭრეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გარემოვაჭრეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გარემოვაჭრეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. გარემოვაჭრეები, რომლებიც წერეთლის ქუჩიდან დახლებისა და ჯიხურების აღებას აპროტესტებენ, ორი თვით ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ.

ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმის მერია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ვერ გაგრძელდება გარევაჭრობა. მუდმივად მეორდება, რომ რამდენიმე თვე ვაცალოთ. 7-8 თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ალტერნატიული ფართი გამოვუყავით, მოწესრიგებულია ტერიტორია ძველი სადგურის შენობაში, რამდენიმე თვით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან. გარევაჭრობა ქმნიდა საფრთხეს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, იყო საშინელი ანტისანიტარია, ხმაური ღამის საათებში, დაძაბული იყო პოლიცია, მერიის თანამშრომლები. ვაჭრობა ორი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში მიმდინარეობდა, რაც ბავშვებს საფრთხეს უქმნიდა“, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

მერი აცხადებს, რომ გუშინ წერეთლის გამზირიდან უსახური კონსტრუქციები 34-მა სატვირთო ავტომანქანამ გაიტანა და დახლების დაბრუნებას არ აპირებს.

გარემოვაჭრეები ბათუმის მერიასთან დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი წერეთლის ქუჩიდან დახლებისა და ჯიხურების აღებას აპროტესტებენ. შენობას პოლიცია იცავს.