ბათუმის „დინამოში“ ფინანსურ კრიზისს ადასტურებენ - კლუბს რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში ექვსი ქულის დაკლება არ ემუქრება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა:
„ძვირფასო გულშემატკივრებო, საზოგადოებაში ბათუმის „დინამოს“ მიმართ არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ვაქვეყნებთ განცხადებას:
ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი. ბოლო დროს არაერთი ვალდებულების გასტუმრება შევძელით. გამომდინარე აქედან, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბს რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.
შეუფერხებლად გრძელდება სავარჯიშო პროცესი და გუნდი ემზადება მომდევნო მატჩებისთვის.
მიმდინარე პერიოდში გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა გამოიწვიოს, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა.
ჩვენი კლუბი, სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, უეფა-ს ფინანსურ მონიტორინგს გადის. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს.
ბათუმის „დინამო“ ნებისმიერ საკითხზე იღებს ვალდებულებას, გულშემატკივარი საქმის კურსში ჩააყენოს“.