ბათუმის „დინამოს“ ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - „საბურთალოსთან“ მოგებით, გეგუჩაძის გუნდი გალიდერდა
ბათუმის „დინამოს“ ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - „საბურთალოსთან“ მოგებით, გეგუჩაძის გუნდი გალიდერდა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში „მიხეილ მესხი არენაზე“ ერთმანეთს გათამაშების ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ – „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან დამარცხდა.

პირველი ნახევარი უგოლო და უფერული გამოდგა. რეალური საგოლე მომენტების შექმნა გუნდებმა ვერ მოახერხეს და შესვენებამდე მატჩმა იმედები ვერ გაამართლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი 9-ჯერ გამოიყენა.

ანგარიში კი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიხსნა. ბათუმელთა სწრაფი კონტრშეტევა თორნიკე გაფრინდაშვილმა გაამწვავა, მისი დარტყმული ბურთი „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 7 გოლი ჩაიწერა და ბომბარდირებში მეორე ადგილზე დაწინაურდა.

„საბურთალოს“ მცდელობებს შედეგი არ გამოუღია, საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში 1:0 გაიმარჯვა და 13 ტურის შემდეგ მოპოვებული 26 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე მოექცა. „საბურთალო“ კი 20 ქულით ისევ მეოთხე პოზიციაზე დარჩა, მაგრამ დღეს მისი კონკურენტი „ლოკომოტივი“ (19 ქულა) „დინამო“ თბილისს“ შეხვდება და თუ თამაში ფრედ დამთავრდა, ქულებით დაეწევა, მოგების შემთხვევაში კი გადაასწრებს.