ბათუმის „დინამომ“ ლიეტუველი თავდამსხმელი გიტის პაულაუსკასი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ კოვალივკას „კოლოსიდან“ ლიეტუვის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი გიტის პაულაუსკასი დაიმატა – ინფორმაციას სამენეჯერო ვებგვერდი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
ტანმაღალი (196 სმ) გიტის პაულაუსკასი ვილნიუსის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, არის ლიეტუვის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო თავდამსხმელი.
პროფესიული კარიერა 2020 წელს ვილნიუსის „ნაიტში“ დაიწყო. 2020 წლის 25 აგვისტოს „დერი სიტის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის მატჩში ითამაშა და ევროთასზე სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
2023 წლის 16 იანვარს ფეხბურთელი ალბანეთის ჩემპიონატის კლუბ „ეგნატიაში“ გადავიდა, სადაც ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა. შარშან მისი ტრანსფერი 300 ათას ევროდ კოვალივკას „კოლოსმა“ გამოისყიდა.
გიტის პაულაუსკასი იყო ლიეტუვის ასაკობრივი ნაკრებების წევრი. 2020 წელს ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს, რომლის ფორმითაც 21 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
„ტრანსფერმარკტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის „დინამომ“ „კოლოსიდან“ ფეხბურთელი იჯარით დაიმატა და მასთნ კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა.