ეროვნული ლიგის მე-3 ტური „ბათუმი არენაზე“ გამართული მატჩით გაგრძელდა. ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
პირველი ტაიმი უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა ალბანელი ნახევარმცველის, უერდი მარას ფლანგური გადაცემა ლუკა წულუკიძემ გამოიყენა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
შვიდ წუთში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „გაგრას“ მცველმა, ლევან გეგეჭკორმა გოლად გარდასახა, მან ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. მიუხედავად ამისა, ბათუმელები ისევ დაწინაურდნენ – უერდი მარამ საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში 2:1 გახდა.
მეორე ტაიმში „გაგრა“ გააქტიურდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა. შედეგად, სამი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 4 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო „გაგრა“ – მეცხრეზე.