ბათუმის „დინამო“ თურქეთშია - გუნდმა წულუკიძე და ლაკვეხელიანი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც ახალი სეზონისთვის მოემზადება და 8 საკონტროლო მატჩს გამართავს.
გუნდში დიდი ცვლილებებია: ბათუმის „დინამოს“ დაუბრუნდა მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელიც ბოლოს ლიგა 3-ის „გონიოში“ თამაშობდა. მართალია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ის ბათუმელებთან ერთად მოემზადება.
„დინამოსთან“ ერთად შეკრებაზეა ლუკა ლაკვეხელიანი, რომელიც ბოლოს ფოთის „კოლხეთში“ თამაშობდა. ბათუმელების მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისიდან“ ფლანგის შემტევი თორნიკე კირკიტაძეც დაიმატა.
ბათუმელთა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალწვეული ლუკა წულუკიძეა – 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი. 11 წლიდან „საბურთალოში“ ვარჯიშობდა, ორი წელი ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიაში გაატარა და „საბურთალოში“ დაბრუნდა, რომლის მთავარ გუნდში ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი.
წულუკიძემ 2022 წლის 8 თებერვალს ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან, ეკატერინბურგის „ურალთან“. 16 დღეში კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და წულუკიძე დროებით „საბურთალოში“ დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან წასვლა მოუხდა. მძიმე ტრავმის გამო „ურალში“ დიდი დრო გაუცდა და ვარჯიშის განახლება მხოლოდ ერთ წელში მოახერხა. შემდეგ ისარგებლა ფიფა-ს წესებით, „ურალი“ დატოვა და „დინამო თბილისში“ გადავიდა, ბოლოს კი „ლოკომოტივში“ თამაშობდა.