ბათუმის „დინამო“ შეუჩერებელია - თუმცა, ეს „საბურთალოსაც“ შეეძლო #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ შეუჩერებელია - თუმცა, ეს „საბურთალოსაც“ შეეძლო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 22-ე ტური ბათუმის „აჭარაბეთა არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ბათუმელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-9 წუთზე პაატა ღუდუშუაურის სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მილან რადინმა ზუსტი თავურით „დინამო“ დააწინაურა. 45+2-ე წუთზე კი ჯაბა ჯიღაურმა ბათუმელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში „საბურთალოში“ გამოჩნდა გეგი გეგუჩაძე, რომელიც ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის შვილია. ეს პერიოდი უფრო უხვოლიანი გამოდგა. გიორგი გოჩოლეიშვილმა 47-ე წუთზე სხვაობა შემაცირა და „საბურთალოს“ თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა. თუმცა, მატჩის ბოლოს მოედანზე ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა და 71-ე წუთზე ეფექტური და სწრაფი შეტევა წამოიწყო, რომელიც ირაკლი ბიძინაშვილმა მესამე გოლით დაასრულა.

„საბურთალომ“ იბრძოლა და მეორე გოლი გაიტანა, რაშიც მთავარი როლი ისევ გოჩოლეიშვილმა შეასრულა – ის ბათუმელთა მცველმა, ოლექსანდრ აზაცკიმ საკუთარ მეოდანზე წააქცია და მასპინძლეთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იური ტაბატაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 ბათუმელთა სასარგებლოდ.

ბათუმის „დინამომ“ 22 ტურის შემდეგ 53 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ ისევ 9-ქულიანი სხვაობა აღადგინა, ხოლო „საბურთალო“ (30) მე-5 პოზიციაზე კი დარჩა, მაგრამ თბილისელებს ქულებით ქუთაისის „ტორპედო“ დაეწია.