ბასილაშვილმა ალექსანდრ ზვერევს ჰამბურგის ნახევარფინალში პირველი სეტი მოუგო
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500-ის ტურნირის პირველი ნახევარფინალი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ხვდება. პირველი სეტის შემდეგ, ბასილაშვილი წინ არის – მან საწყისი პარტია 57 წუთში მოიგო – 6:4.
ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი ამ მატჩში გერმანელი ჩოგბურთელი იყო, მით უმეტეს, მას ორიდან ორი მატჩი ჰქონდა მოგებული ქართველისთვის: 2015 წელს, მარსელის „ჩელენჯერში“ – 7:6, 6:3 და 2018 წელს, შანხაის „მასტერსზე“ – 7:5, 6:4.
ის, რომ ქართველს ურთულესი თამაში ელოდა, პირველივე გეიმში გამოჩნდა, რომელიც რვა წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილს ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება დასჭირდა. ზვერევს მესამე გეიმშიც ჰქონდა ბრეიკ-პოინტი და ისევ ვერ გამოიყენა შანსი, პარტიის მეორე ნახევარში კი, ინიციატივა თანდათან გადავიდა ბასილაშვილის მხარეს. ახლა უკვე მას ჰქონდა გერმანელის ზედიზედ სამ გეიმში ბრეიკ-პოინტი და მესამე ცდაზე შანსი ხელიდან არ გაუშვა.