ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო. ამჯერად მისთვის წარუმატებელი გამოდგა მექსიკაში აკაპულკოს ტურნირი.
ბასილაშვილი პირველ წრეში ამერიკელ ჯარედ დონალდსონს ხვდებოდა, რომელიც 59-ე ადგილზეა მსოფლიო კლასიფიკაციაში. ქართველს პირველ სეტში საერთოდ არ წაუვიდა საკუთარ მოწოდებაზე თამაში. დონალდსონმა მესამე გეიმში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ბასილაშვილმა უკუბრეიკის გაკეთება შეძლო. 2:2-ზე ამერიკელმა სრული უპირატესობა მოიპოვა და კიდევ ორი ბრეიკის წყალობით, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო – 6:2.
მეორე სეტის პირველ ოთხ გეიმში მეტოქეები საკუთარ მოწოდებას ინარჩუნებდნენ, რის შემდეგაც დონალდსონმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და ამის შემდეგ, ბასილაშვილმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა – 51 წუთის განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, ამერიკელმა მოიგო 6:2, 3:2.
ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2 გახდა.