14 აპრილს მონტე კარლოში გრუნტის სეზონის პირველი მასტერსი დაიწყება. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში. ქართველი მე-12 ნომრად არის განთესილი და ტურნირს უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან მატჩით დაიწყებს.
ფუჩოვიჩი მსოფლიოს 37-ე ნომერია. წელს ქართველი და უნგრელი როტერდამის ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს და ფუჩოვიჩმა 7:6(1), 6:1 მოიგო. მათ ასევე ორჯერ უთამაშიათ ჩელენჯერისა და ფუჩერსის დონეზე და ეს ორი მატჩიც უნგრელმა მოიგო. ბასილაშვილს ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული ფუჩოვიჩი – 2015 წლის უიმბლდონის კვალიფიკაციაში. ასე რომ, მათ ურთიერთშეხვედრებში წინ არის უნგრელი ჩოგბურთელი – 3:1.
ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ფრანგ ადრიან მანარინოსა და ბრიტანელ კემერონ ნორის შორის მოგებულს შეხვდება.
მონტე კარლოში პირველ რვა ნომრად განთესილები არიან: 1. ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2. რაფაელ ნადალი, 3. ალექსანდრ ზვერევი, 4. დომინიკ ტიმი, 5. კეი ნიშიკორი, 6. სტეფანოს ციციპასი, 7. მარინ ჩილიჩი, 8. კარენ ხაჩანოვი.