ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს ფუჩოვიჩთან მატჩით დაიწყებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს ფუჩოვიჩთან მატჩით დაიწყებს

14 აპრილს მონტე კარლოში გრუნტის სეზონის პირველი მასტერსი დაიწყება. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში. ქართველი მე-12 ნომრად არის განთესილი და ტურნირს უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან მატჩით დაიწყებს.

ფუჩოვიჩი მსოფლიოს 37-ე ნომერია. წელს ქართველი და უნგრელი როტერდამის ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს და ფუჩოვიჩმა 7:6(1), 6:1 მოიგო. მათ ასევე ორჯერ უთამაშიათ ჩელენჯერისა და ფუჩერსის დონეზე და ეს ორი მატჩიც უნგრელმა მოიგო. ბასილაშვილს ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული ფუჩოვიჩი – 2015 წლის უიმბლდონის კვალიფიკაციაში. ასე რომ, მათ ურთიერთშეხვედრებში წინ არის უნგრელი ჩოგბურთელი – 3:1.

ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ფრანგ ადრიან მანარინოსა და ბრიტანელ კემერონ ნორის შორის მოგებულს შეხვდება.

მონტე კარლოში პირველ რვა ნომრად განთესილები არიან: 1. ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2. რაფაელ ნადალი, 3. ალექსანდრ ზვერევი, 4. დომინიკ ტიმი, 5. კეი ნიშიკორი, 6. სტეფანოს ციციპასი, 7. მარინ ჩილიჩი, 8. კარენ ხაჩანოვი.