მსოფლიოს 59-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ გადალახა დოჰას ტურნირის მერვედფინალური ბარიერი – საათსა და 14 წუთში მხოლოდ სამი გეიმის აღება მოახერხა.
ბასილაშვილს თითქოს არ ჰყავდა რთული მეტოქე – ის ხორვატ ბორნა ჩორიჩს (48-ე ჩოგანი) ხვდებოდა, რომელსაც 2017 წელს ორჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ მოუგო – ცინცინატის “მასტერსზე” და ლიონის ტურნირზე. ასევე ქართველის სასარგებლოდ მეტყველებდა ისიც, რომ ხორვატმა წინა დღეს ჩაატარა პირველი წრის მატჩი და თითქმის სამი საათი დასჭირდა პაბლო კარენიო ბუსტას დასამარცხებლად. წესით, ეს უნდა ასახულიყო ჩორიჩის ფიზიკურ მდგომარეობაზე. უკვე პირველი სეტის სტარტზევე გამოჩნდა, რომ ბასილაშვილს სერიოზული პრობლემები ელოდა. მეორე გეიმში ხორვატმა მესამე ცდიდან შეასრულა ბრეიკი. შემდეგ ოთხი ასეთი შანსი ჰქონდა მეექვსე გეიმში და მეორე ბრეიკი აიღო. საბოლოოდ, ჩორიჩმა სეტი 6:1 მოიგო.
პირველ პარტიაში ბასილაშვილი საშინლად აწვდიდა – პირველი მოწოდების სიზუსტე 46 პროცენტი ჰქონდა, მეორე მოწოდებით კი ქულების 31 პროცენტი მოიგო. ამ დროს კი ჩორიჩმა პირველ მოწოდებაზე თითქმის იდეალურად ითამაშა – 19-დან 16 ქულა აიღო.
ჩორიჩის გეიმებზე ბასილაშვილს თითქმის არ ჰქონდა შანსი – ქართველმა მხოლოდ ბოლო გეიმში გაიბრძოლა, როცა სამი სეტბოლი მოიგერია და ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა. მეშვიდე გეიმში ბრძოლამ გარკვეული იმედები გააჩინა იმაზე, რომ ნიკა მეორე პარტიაში გაბრძოლებას მოახერხებდა.
ბასილაშვილმა სეტის პირველივე გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება, შემდეგ მეორე ბრეიკიც გადაულოცა მეტოქეს და როგორც პირველ სეტში, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა სეტის ბედი გადაწყვეტილი იყო – მეექვსე გეიმში ბასილაშვილმა გაიბრძოლა, ერთი ბრეიკ-პოინტიც მიიღო, მაგრამ შანსი ისევ ვერ გამოიყენა 1:5. მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა, ბასილაშვილმა გაბრძოლება შეძლო – ჯერ მეშვიდე გეიმში ერთი მატჩბოლი მოიგერია, მერვეში პირველად შეასრულა ბრეიკი, მაგრამ იქვე “მშრალად” წააგო საკუთარი გეიმი – 1:6, 3:6.
ნიკასთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა საკუთარ მოწოდებაზე თამაში: 59 პროცენტი პირველი მოწოდების სიზუსტე, 43 პროცენტი პირველი მოწოდებით აღებული ქულები, 50 პროცენტი მეორე მოწოდებით აღებული ქულები, 3 ორმაგი შეცდომა და მეტოქისთვის მიცემული 11 ბრეიკ-პოინტი, რომელთაგანაც ჩორიჩმა 5 გამოიყენა.