ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ჯოკოვიჩს შეხვდება
მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბასილაშვილი მერვედფინალში 21 წლის რუსს, მსოფლიოს 68-ე ჩოგანს ანდრეი რუბლიოვს გაუმკლავდა – 6:3, 6:4. შეხვედრა საათი და ორი წუთი გაგრძელდა.
პირველ სეტში გათამაშებული ცხრა გეიმიდან, ხუთში ბრეიკი დაფიქსირდა. პირველ ექვს გეიმში ბასილაშვილმა სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 5:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ, რუბლიოვმა შეძლო გაბრძოლება და ზედიზედ ორი გეიმის აღება, თუმცა, ქართველმა 5:3-ზე სეტზე ჩაწოდება მოახერხა.
მეორე სეტში ჩოგბურთელებმა საკუთარ მოწოდებაზე თამაში დაალაგეს. პარტიის პირველ ნახევარში მეტოქეებმა თითო ბრეიკ-პოინტი გაცვალეს. რუბლიოვმა შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ბასილაშვილმა გააკეთა ბრეიკი და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, რამაც მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.
მეოთხედფინალში ნიკას მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ელოდება, რომელმაც მერვედფინალში რთულ ბრძოლაში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს მოუგო – 4:6 6:4 6:1. ნიკა და ნოვაკი როფესიულ ტურში მეორედ შეხვდებიან. შარშან, ისინი რომის „მასტერსზე“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ სერბმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:2.