„ბარსელონას“ დაწუნებული - ერიკსენის ცხოვრება ბავშვობიდან ვარსკვლავობამდე [ვიდეო] #1TVSPORT

კრისტიან ერიკსენის ცხოვრება თითქმის დაბადებიდან დაკავშირებულია ფეხბურთთან. როდესაც ქვეყანას მოევლინა, იმ წელს დანია ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტის ამ სახეობაზე უზომოდ შეყვარებულ მის მშობლებს არც უყოყმანიათ, ისე გადაწყვიტეს – ბიჭს ფეხბურთი უნდა ეთამაშა. სამი წლის ბურთს უკვე ისე ფლობდა, რომ მშობლიური ქალაქის, მიდელფარტის აკადემიაში მიიყვანეს, სადაც ერთ-ერთ მწვრთნელი მამამისი იყო.

13 წლის კრისტიანი „ოდენსეს“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში მოხვდა. ერიკსენით მალე „ჩელსი“ და „ბარსელონა“ დაინტერესდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ლონდონელებმა ფიზიკური მონაცემები დაუწუნეს და  ბოლომდე ვერც „ბარსელონას“ მოთხოვნები დააკმაყოფილა.

„ჩემი პირველი ნაბიჯი შედარებით მოკრძალებული უნდა ყოფილიყო, განვითარებისთვის ასე სჯობდაო“, – იხსენებს ფეხბურთელი. მოკრძალებული ნაბიჯი კი არც მეტი არც ნაკლები „აიაქსი“ იყო, რომელმაც 2009 წელს კრისტიანში მილიონი ევრო გადაიხადა. ამსტერდამის ასაკობრივ გუნდში ორი, ძირითადში კი ოთხი წელი გაატარა. ამას მოჰყვა „ტოტენჰემი“, რომელმაც დანიელი 13 მილიონ 500 ათას ევროდ შეიძინა. ლონდონში ერიკსენმა 7 წელი დაჰყო და 226 მატჩში 51 გოლი გაიტანა.

მაურისიო პოჩეტინო, რომელიც მაშინ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ამობობდა: „ის განსაკუთრებული ადამიანია. „გოლაცოს“ ვეძახით, რადგან დაუჯერებელი გოლები გააქვს. ჩვენ მას ძალიან ვაფასებთ. ის გრძნობს, რომ გვიყვარს. მშვიდი და ჩუმი ადამიანია, რომელსაც საოცრად უყვარს ფეხბურთი. ამავდროულად, არ სჭირდება გულშემატკივრების, მედიის, გარემოცვის ზედმეტი ყურადღება“.

2020 წლის იანვარში ერიკსენი ინგლისიდან იტალიაში გაემგზავრა და „ინტერთანოთხნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიურ ფეხბურთთან დანიელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მისი მამა სწორედ იტალიის გულშემატკივარი იყო, განსაკუთრებით რობერტო ბაჯო უყვარდა. ამიტომ პირველი საფეხბურთო მაისური, რომელიც კრისტიანმა მამისგან საჩუქრად მიიღო, სწორედ ბაჯოს მაისური იყო. ფეხბურთელი იხსენებს, რომ თავად მას, ისევე როგორც ნებისმიერ ბიჭს დანიაში, ყველაზე მეტად მიქაელ ლაუდრუპივით სურდა ეთამაშა. მისი კერპი სწორედ ლაუდრუპი გახლდათ.

 

17 წლის იყო, როცა 2010 წლის მარტში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა. 109 თამაში და 36 გოლი – ასეთია მისი სანაკრებო სტატისტიკა. მიუხედავად ბრწყინვალე კარიერისა, ერიკსენი მშვიდი, ვარსკვლავებისთვის არადამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობს. უკვე 10 წელია ჰყავს მეგობარი გოგონა საბრინა კვისტ იენსენი. საბრინა საერთოდ არ ჰგავს საფეხბურთო ვარსკვლავის ტიპიურ პარტნიორს.

მასზე ბევრი არაფერია ცნობილი. ქალს სოციალურ ქსელებში მოკრძალებული „ექაუნთები“ აქვს და დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მეტიც, მისი ინსტაგრამის გვერდი დახურულია და სულ რაღაც 293 გამომწერი ჰყავს. ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია იცნობენ, თუმცა ერთად ყოფნა 2010 წელს გადაწყვიტეს. ჰქონდათ რთული პერიოდიც, როცა კრისტიანი „ტოტენჰემში“ ახალი გადასული იყო. ფეხბურთელი იხსენებს, რომ თავიდან ძალიან უჭირდა დროის გადანაწილება საქმესა და საყვარელ ადამიანს შორის.

„რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო მეგობარ გოგონასთან და მეგობრებთან ერთად, მაგრამ პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის ეს მარტივი არ არის. იმისათვის, რომ 3-4 დღეში ერთხელ მაღალ დონეზე ითამაშო, მუდმივი მომზადებაა საჭირო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად“, – თქვა ერთხელ ინტერვიუში ერიკსენმა.

საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა. წყვილს 2017 წელს პირველი, ერთ წელიწადში კი მეორე შვილი შეეძინა. ისინი იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებაში. ერთ-ერთი გამონაკლისი დანიის დედოფლის მიერ გამართული სადღესასწაულო წვეულება იყო 2014 წელს. თავისუფალ დროს წყვილი მოგზაურობაში ატარებს. კრისტიანის ყველაზე დიდი გულშემატკივრები საბრინას გარდა, მისი მშობლები და და არიან, რომელიც, სხვათა შორის, დანიის ქალთა ნაკრების წევრია და თავისი ძმის მსგავსად შემტევი ნახევარმცველია.