ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ ქვეყნის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა „ბარსას” სტუმრად ჰქონდა წაგებული თანაქალაქელ „ესპანიოლთან“ – 0:1, განმეორებით მატჩში „კამპ ნოუზე“ კი 2:0 მოიგო.
გოლები პირველ ტაიმში ლუის სუარესმა (მე-9 წუთი) და ლიონელ მესიმ (25-ე წუთი) გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მესის გოლი მე-4000 იყო „ბარსელონასთვის“ საშინაო სტადიონზე.
„ბარსელონას“ რიგებში დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიოს. მან 68-ე წუთზე ანდრეს ინიესტა შეცვალა.
მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
სილესენი, სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ხორდი ალბა, რაკიტიჩი (ანდრე გომეში, 90+3), ბუსკეტსი, ალეიშ ვიდალი (პაულინიო, 63), მესი, ინიესტა (ფილიპე კოუტინიო, 68), ლუის სუარესი.
„ბარსელონას“ გარდა, ესპანეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებენ – „სევილია“, „ვალენსია“ და „ლეგანესი“.