„ბარსელონა“ და „რეალი“ მილიარდ ევროს მიიღებენ სუპერლიგის პროექტის ამოქმედებისთვის #1TVSPORT
ესპანური გრანდები – „ბარსელონა“ და „რეალი“ მსხვილ თანხებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებენ ევროპის სუპერლიგის ამოქმედებას.
ინვესტორები გეგმავენ ტურნირის სტარტისთვის 15 მილიარდი ევრო დახარჯონ. „რეალი“ და „ბარსელონა“ მიიღებენ ბონუსებს როგორც კლუბები, რომელთა წყალობითაც პროექტი ძალაში დარჩა.
როგორც Mundo Deportivo წერს, ტურნირის ჩაშვების შემთხვევაში, „ბარსელონა“ მიიღებს მილიარდ ევროს. ეს მყისიერად მოაგვარებს კლუბის ყველა ფინანსურ პრობლემას. ასეთივე თანხას მიიღებს „რეალი“.
აღნიშნავენ, რომ „რეალს“ „ბარსელონას“ მსგავსი ეკონომიკური პრობლემები აქვს – მიუხედავად იმისა, რომ ფართო პუბლიკას ასეთი შეგრძნება არ აქვს. ამტკიცებენ, რომ „რეალს“ აუცილებლად სჭირდება შემოსავლები. თუ სუპერლიგის ამოქმედება არ მოხერხდება, ფლორენტინო პერესი იპოვნის კლუბის ეკონომიკის გაჯანსაღების სხვა გზას.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ევროპის სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უეფა-სა და სუპერლიგას შორის დავის შესახებ. სუპერლიგის მომხრეები იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იქნება, რომ უეფა-ს არ გააჩნია მონოპოლია ტურნირების ჩატარებაზე. ასეთ შემთხვევაში, მათ ექნებათ სუპერლიგის შექმნის უფლება.
ელოდებიან, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ კლუბებმა უნდა აირჩიონ – დარჩებიან უეფა-ს საერთაშორისო ტურნირების სისტემაში თუ შეუერთდებიან ახალ პროექტს მომდევნო ამ 2025-26 წლების სეზონიდან.
უეფა და ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის ნასერ ალ-ჰელაიფის ხელმძღვანელობით უკვე აგროვებენ ხელმოწერებს კლუბებს შორის. ხელმომწერები ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ სუპერლიგაში მონაწილეობაზე და დარჩებიან უეფა-ს ტურნირებში.
აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად სუპერლიგაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული კლუბები კარგი წარსულით, რომლებიც ახლა არ არიან საუკეთესო მდგომარეობაში: „ეინდჰოვენი“, „ფეიენოორდი“, პორტუგალიური კლუბები, „ცრვენა ზვეზდა“, „ანდერლეხტი“. ელოდებიან, რომ ახალი ტურნირის წყალობით ისინი შეძლებენ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას.