ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის ნათესავების ინფორმაციით, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს შვილის მოკვლით ემუქრებოდა
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ 24 წლის თაკო გამრეკელაშვილს დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში გადაასვენებენ.
მისი ნათესავების ინფორმაციით, ბრალდებული ვ.ბ. მოკლულის მამინაცვალია.
როგორც მოკლულის ბებიამ პირველ არხს განუცხადა, ვ.ბ. ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
მისივე ინფორმაციით, ვ.ბ. ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო სასჯელსაც იხდიდა, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილ მეუღლეს ისევ ემუქრებოდა.
„დედა-შვილმა მუქარების გამო, პოლიციას მიმართა და განცხადება შეიტანა. თაკო პოლიციის შენობიდან დედაზე ადრე გამოვიდა. ბავშვები საბავშვო ბაღიდან გამოიყვანა. ალბათ, ვ.ბ. გზიდან აედევნა და განზრახვა შეასრულა“, – განუცხადა პირველ არხს მოკლულის ბიცოლამ.
სოფელ სანიორეში ნათესავები და თანასოფლელები ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან.
თბილისში, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.